სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში დარღვევების გამო ობიექტებს  საწარმოო პროცესი შეუჩერა. სეს-ის ცნობით, სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის  ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სენაკში სხვადასხვა პროფილის ობიექტები შეამოწმეს. გამოვლენილი დარღვევების გამო კი,  კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა.

"შპს ცენტრალური ბაზრის ობიექტზე (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. N180) ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმლის შესაბამისობის სერთიფიკატის გარეშე რეალიზაციის და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა. ეტიკეტირების წესი დარღვეული იყო ინდივიდუალური მეწარმე დ. ნ.-ის (მისამართი: სენაკი, ჯორჯაძის N6) სასადილოშიც. ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავდროულად, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა. ფიზიკური პირი თ. ა. (მისამართი: სენაკი. სენაკის ქ. N15) რძეს და რძის პროდუქტებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპრატორები, კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათისუვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01",-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.