„ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში, საქონლის იალაღებზე გადარეკვის ტრადიციის აღდგენას გეგმავს. კომპანიის მიზანია ხიხას მთაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე საქონლის იალაღებზე გადასვლის ტრადიცია სანახაობად და ფესტივლად აქციოს.
„გვინდა, შვეიცარიაში საქონლის იალაღებზე გადასვლის ტრადიცია რაჭაში გადმოვიტანოთ, მით უმეტეს, რომ ეს წესი თურმე ჩვენშიც არსებობდა. საქონელი 4 თვეს ალპურ საძოვრებზე ატარებს და ზაფხულის სეზონის მოსვლა განსაკუთრებულად აღინიშნება. ყვავილებითა და ზანზალაკებით მორთულ ძროხებს ფოლკლორული სიმღერების თანხლებით, 2300 მეტრზე ფეხით ვაცილებთ, ბოლოს კი გადარეკვის პროცესი სრულდება ნადიმით მთაში. გვინდა, ამ საოცარი სანახაობის მონაწილე საზოგადოება, ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორები გახდნენ“, - ამბობს „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორი თათია არაბიძე.
„ბლაუენშტაინ საქართველოს“ მიზანი რეგიონში მდგომარეობის გაუმჯობესებაა, მსგავსი აქტივობები კი, როგორც კომპანიაში მიიჩნევენ, გარემოს შეცვლის და სარგებელს მოუტანს ადგილობრივებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, „ბლაუენშტაინ საქართველო“ თანამშრომელზე დანახარჯებით პირველი კომპანიაა ქვეყანაში.
„თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, კომპანიაში დასაქმებული ბედნიერი უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს საკუთრების შეგრძნება. მუდმივად ვფიქრობთ ჩვენი თანამშრომლების გადამზადებაზე, აქვთ ღირსეული ხელფასი, უზრუნველყოფილი არიან კვებით და 100%-იანი დაზღვევით. გვეამაყება, რომ ოჯახების ის ნაწილი, რომლებმაც წლების წინ დატოვეს რაჭას დაუბრუნდა,“ - ამბობს თათია არაბიძე.