“ჩაის ქვეყანა,” რომელიც სხვადასხვა რეგიონში წარმოებულ პროდუქციას აერთიანებს, პირველი ქართულ-ევროპული ჩაის გზის შექმნას და ამ სახით ევროპულ ბაზარზე შესვლას გეგმავს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ბესარიონ ზალიკიანმა „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, სამიზნე ბაზრები გერმანია, იტალია, პოლონეთი და საფრანგეთია.

„ჩვენ ვაერთიანებთ სხვადასხვა რეგიონის ჩაის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის. შევქმენით ჩაის კულტურული მარშრუტი და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ გავაკეთოთ პირველი ქართულ-ევროპული „ჩაის გზა.“ გვინდა, შევქმნათ ერთიანი ნიშანი, რომელიც კომპანიებს დაეხმარებათ, ქართულ ბრენდში გაერთიანებით შევიდნენ ევროპულ ბაზარზე.“-აღნიშნა ბესარიონ ზალიკიანმა.

მისივე განმარტებით, ევროპაში ექსპორტზე გასვლამდე, კომპანია პროდუქციას საქართველოში ჩაის სახელებში ყიდის.

„EBRD-ის დახმარებით და თანადაფინანსებით, სექტემბრიდან პროდუქციას ელექტრონულადაც გავყიდით.  საქართველოს ბაზრის ათვისების შემდეგ, აქტიურად დავიწყებთ ექსპორტს.“-აღნიშნა ბესარიონ ზალიკიანმა.

მისივე განმარტებით, ბრენდში შემავალი პროდუქციის ფასი დიფერენცირებულია და საშუალოდ, 7-დან 40 ლარამდე მერყეობს.