რუბრიკა "ღვინის გზა" 

კახეთი საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი რეგიონია და უნიკალური სოფელია კარდანახი, სადაც 3 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო გვაქვს. ეს არის წარაფი, ახოები და კარდანახი.

"ბიზნესპარტნიორის" რუბრიკის "ღვინის გზა" ფარგლებში გაგაცნობთ მეღვინეობა "კარდანახი 1888"-ს რომელიც ღვინოს სწორედ ადგილობრივი წარმოშობის იშვიათი ჯიშებით აწარმოებს.

"წარმოშობით კარდანახიდან ვართ. გადავწყვიტეთ, რომ რაღაც გვქონოდა მშობლიურ კუთხეში, შევიძინეთ ვენახები და მიწები, ასევე ადგილი, სადაც დავაარსეთ მარანი. დავიწყეთ ვენახების გაშენება ცოდნით და მაღალ დონეზე, ვიდრე მასიურადაა გაშენებული. შევარჩიეთ საძირეები, გავაკეთეთ ანალიზები, ვერტიკალური ჭრილები ნიადაგში. აქტიურად ჩავერთეთ ღვინის სფეროში",- ამბობს მამუკა მახოშვილი - "კარდანახი 1888"-ის დამფუძნებელი.

ვენახები 17 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც 12 სხვადასხვა ჯიშის ვაზია, როგორც ენდემური, ასევე ევროპული. კომპანია ამ ეტაპზე, 25 დასახელების სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს. წარმოება ხდება ტრადიციული მეთოდით ქვევრში, ასევე კლასიკური ევროპული მეთოდით. ღვინო საქართველოს სრული მასშტაბით იყიდება, ამასთან, ექსპორტზე გადის იტალიაში და გერმანიაში, ხოლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებთან.

"ძირითადად დაინტერესება ქვევრის ღვინოზეა. ვცდილობთ ადგილწარმოშობის ღვინოების პოპულარიზაციას, არ არსებობს კონკურსი, სადაც ჯილდო არ მიგვიღია. ვცდილობთ აქტიურად დავამკვიდროთ ჩვენი ღვინოების სახელი, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ბაზარზე. ღვინის ეროვნული სააგენტო საკმაოდ აქტიურად მუშაობს ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე, რა თქმა უნდა, ჩვენც ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ მას და ჩავერთოთ ამ პროცესში. ამასთან, ჩვენი სამომავლო გეგმაა, რომ გავაკეთოთ საზაფხულო ღვინის სკოლა, სადაც მოვიწვევთ სპეციალისტებს, მეღვინეებს, სომელიეებს, მიზანი კი მომხმარებელში ქართული კერძებისა და ღვინის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა",-აცხადებს, მამუკა მახოშვილი.

ცნობისთვის, კომპანია 2014 წლიდან აწარმოებს ღვინოს და ამ ეტაპზე წლიური წარმადობა 100 000 ბოთლია.