საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს ქალაქ რუსთავში, თავისუფლების მოედანზე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნავს.
ქ. რუსთავში თავისუფლების მოედანზე მოწყობილი ღონისძიება ეფუძნება 26 მაისთან დაკავშირებული წლევანდელი ღონისძიებების ერთიან კონცეფციას - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს უკავშირდება.
ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციას. დაესწრონ ღვინის დეგუსტაციასა და კულინარიულ მასტერკლასს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება, რუსთავის ისტორიული პავილიონი, სადაც გამოიფინება ქალაქში აღმოჩენილი ექსპონატების ასლები. რუსთავის ჭალის ტყესთან დაკავშირებით მოეწყობა საინფორმაციო კედელი, ჩატარდება აქტივობა „დარგე შენი სახელობის ხე“.
გაიმართება საბავშვო წარმოდგენა. დღის განმავლობაში სცენაზე ადგილობრივი შემსრულებლები წარდგებიან. სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად მოეწყობა ფოტოზონა.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით აღინიშნება. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება.
ქ. რუსთავში თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსა და ქ. რუსთავის მერიის ორგანიზებით ტარდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორია ქალაქებში რუსთავი, ფოთი და ამბროლაური.





