ფუტკრის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის მეფუტკრეობის საცდელ ბაზაზე ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიების მიზანს მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაცია, ფუტკრისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო სასარგებლო მწერების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა წარმოდგენდა.
ფუტკრის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 20 მაისს აღინიშნება. თარიღი გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით დაწესდა და მისი მიზანია ფუტკრების როლის წარმოჩენა სასურსათო უსაფრთხოების, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების შენარჩუნების მიმართულებით. 2026 წლის მსოფლიო დღის მთავარი თემაა - „ერთად ფუტკრებისთვის, ადამიანებისა და პლანეტისთვის -პარტნიორობა მდგრადი მომავლისთვის“.
ღონისძიება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა გიორგი ქვარაიამ და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარემ ალეკო პაპავამ. გამომსვლელებმა მეფუტკრეობის დარგის მნიშვნელობაზე, ადგილობრივი ფუტკრის პოპულაციების დაცვასა და აგრარულ სექტორში მდგრადი პრაქტიკის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების მიერ წარმოდგენილი თაფლის, მეფუტკრეობის პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და დეგუსტაცია. გაიმართა მასტერკლასები, მუსიკალური გაფორმება და მუხურის მეფუტკრეობის ბაზის დათვალიერება. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მეფუტკრეობის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობასა და დარგის თანამედროვე გამოწვევებს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია მეფუტკრეობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე, სადაც მონაწილეობდნენ დარგის სპეციალისტები, მეფუტკრეები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
მუხურის ბაზაზე, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს, ენდემური პოპულაციების შენარჩუნების და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდა მიმდინარეობს.
ფუტკრის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, სოფლის განვითარების სააგენტოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა.







