სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინა. უწყების შპს  "სანდო" შესაბამისი აღიარების გარეშე მუშაობდა. მათივე ცნობით, საწარმო  სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა.

„ამავდროულად  ინსპექტირებისას დადგინდა  რომ სურსათის  წარმოებისას დარღვეული იყო  ჰიგიენური ნორმები და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნები. ამოღებული და დალუქულია 419 ქილა მაწონი, 10 კილოგრამზე მეტი  ყველი, 35 ცალი დაფასოებულ რძე (1 ლიტრიანი შეფუთვა), 110 ლიტრი რძე.  კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა და  საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი წარმოებების  გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ.

მიმდინარე წელს,  რძისა და რძის მწარმოებელ  ბიზნესოპერატორებთან  ჩატარდა  3580 სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 32  არარეგისტრირებული  საწარმო",-აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.