"წისქვილკომბინატები უხარისხო ხორბალს არ იბარებენ" - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ განაცხადა. ლევან სილაგავას თქმით,  წისქვილკომბინატები ფქვილის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მუშაობენ და სწორედ ხორბლის ხარისხზეა დამოკიდებული, ჩაიბარებენ თუ არა პროდუქციას.

„ხარისხის შესაბამისი თუ არ არის ხორბალი და საფურჟეა, ჩვენ მას არ ვიბარებთ. ეს არის მკვეთრად გამიჯნული. წელს წვიმები დაემთხვა, რის გამოც სასურსათო ხორბლის პარამეტრები შეიცვალა და ხორბლის გარკვეული რაოდენობის  ხარისხი გაფუჭდა. ასეთი ხორბალი გადავიდა არასასურსათო სეგმენტში. შესაბამისად, ის არ გამოიყენება პურის წარმოებაში.“-აღნიშნა ლევან სილაგავამ.

მისივე განმარტებით, კახეთში წელს მიღებული მთლიანი მოსავლის დაახლოებით 70% არის არასასურსათო.

„რეალურად ძალიან ცუდი სტატისტიკაა, ეს არ ხდება ყოველწლიურად, მოლოდინი იყო რომ 50% იქნებოდა სასურსათო და მხოლოდ 50% არასასურსათო, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.  შედარებით უკეთესი ხარისხია შიდა და ქვემო ქართლში. შესაბამისად, რეგიონში ფერმერები  იმედიანად არიან განწყობილი.“-აღნიშნა ლევან სილაგავამ.

მისივე თქმით, არასასურსათო ხორბალი მეცხოველეობაში, მეფრინველეობასა და სპირტის წარმოებაში გამოიყენება.

„საფურაჟე ხორბლის რეალიზაციის მიზნით, მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება და ე.წ დაღერღილი ხორბლის იმპორტი აკრძალა. ეს წაადგება ადგილობრივ ფერმერებს საფურაჟე ხორბლის მოსავლის რეალიზაციაში.“- განმარტა ლევან სილაგავამ.

ცნობისთვის, დაღერღილი ანუ ე.წ საფურაჟე ხორბლის იმპორტი მთავრობამ 2023 წლის პირველ ნოემბრამდე აკრძალა.