„პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბიოწარმოების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა არის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი, თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის რომ სრულად შეუწყოს ხელი ბიოწარმოების განვითარებას“- ამის შესახებ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას“ დირექტორმა განუცხადა. მარიამ ჯორჯაძის თქმით, ბიოწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა უფრო მეტად ორიენტირებულია ორ საექსპორტო პროდუქტზე. ესენია: ღვინო და თაფლი.  სხვა პროდუქციის კუთხით კი მხოლოდ სერტიფიცირების მიმართულება ფინანსდება და საწარმოო საშუალებების ხელშეწყობა არ ხდება.

„სამწუხაროა ჩემთვის, რომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიები მიმართულია ისეთი პროდუქტების წარმოების ხელშეწყობისკენ,  რომელსაც არაფერი აქვს საერთო გარემოს დაცვასთან ან პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასთან. უფრო სოციალური თვალსაზრისით არის გაცემული ეს სუბსიდიები.  მაშინ,  როდესაც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს,  რომ თუკი ქვეყანა სუბსიდიას გასცემს ის უნდა იყოს გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული.“- აღნიშნა მარიამ ჯორჯაძემ.

ცნობისთვის, ბიოწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მთავრობამ გასული წლის ივლისში დაამტკიცა. პროგრამის პირობების თანახმად, სერტიფიცირების მიმართულებით, ნებისმიერი კულტურის თანადაფინანსება ხდება. ხარჯის ანაზღაურება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება 70%-ით, არაუმეტეს 7000 ლარისა. მევენახეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებაში კი სერტიფიცირებასთან ერთად, წარმოებისთვის საჭირო პრეპარატებიც ფინანსდება.