„მართალი ღვინო“ წლიურად 7 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, პროდუქცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
„ჩვენ გვაქვს ბიოწარმოება. შესაბამისად არ ვართ მოცულობებზე ორიენტირებული. მაქსიმუმ 6000-დან 7000 ბოთლამდე ვაწარმოებთ წლიურად. ვფიქრობთ, რომ არ გავზარდოთ ეს მაჩვენებლები, რადგან ხარისხზე არ იქონიოს გავლენა.“ -აღნიშნა ნიკოლოზ ბიწკინაშვილმა.
მისივე განმარტებით, პროდუქციის მცირე ნაწილი ექსპორტზე გერმანიასა და საბერძნეთში გადის.
ცნობისთვის, „მართალი ღვინო“ ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანიას ვენახები გურჯაანის რაიონ, სოფელ შაშიაანში აქვს გაშენებული. კომპანია ამჟამად სამი სახეობის ქვევრის ღვინოს აწარმოებს. მათ შორისაა რქაწითელი, საფერავი და ასევე, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო, რომელიც საფერავისგან მზადდება.