„მკისა“ ბოლნისში გაშენებული ნუშის ბაღებიდან წელს პირველ მოსავალს ელოდება. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, “მკისა” მიღებული პროდუქტით საცალო ბაზარზე შესვლას გეგმავს.
„დასაწყისში ვამბობდით, რომ ნუში უნდა ყოფილიყო შეფუთვების გარეშე და საბითუმო ბაზარზე მოგვეხდინა მისი რეალიზაცია. თუმცა პოტენციალის შეფასების შემდეგ მივხვდით, რომ საცალო ბაზარზე შესვლა, რა თქმა უნდა, უფრო რთულია, თუმცა გაცილებით მომგებიანია. აქედან გამომდინარე, გასული წლის ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევცვალოთ მიდგომა და გადავერთოთ საცალო ბაზარზე. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფუთვების პირველადი დიზაინები. ვგეგმავთ, რომ პირველ მოსავალს დავაფასოვებთ. ნუშის ნაწილს მოვხალავთ, ნაწილს დავამარილებთ და გავაგზავნით პოტენციურ საექსპორტო ბაზრებზე. შემდეგ შევხედავთ რა შედეგებს მივიღებთ.“-აღნიშნა გიგი გაჩეჩილაძემ.
„მკისამ“ ნუშის ბაღების გაშენება 2020 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე კომპანიის საკუთრებაში არსებული სუპერინტენსიური ნუშის ბაღები ბოლნისში 40 ჰექტარს მოიცავს. „მკისას“ სამომავლო ხედვა კი ნუშის ბაღების 1500 ჰექტარზე გაშენებას გულისხმობს.