კომპანია „თბილღვინო“ მევენახეებისგან რქაწითელის ჯიშის ყურძენს კილოგრამს 1 ლარად და 15 თეთრად იბარებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, სექტემბერში მოსულმა სეტყვამ მათი ვენახებიც დააზიანა და ზარალის დათვლის პროცესი სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, გრძელდება.
„ჩვენ მაღალი ხარისხის დამხმარე მასალებს ვიყენებთ ვენახის მოვლისთვის და წელს იმ გამოწვევებს, რაც იყო ნაცარი, ჭრაქი თუ ჭია წარმატებით გავართვით თავი, თუმცა სეტყვამ ვენახის ნაწილი ჩვენც გაგვინადგურა. სადაზღვევო კომპანიასთან ერთად ახლა მიდის ამის დაზუსტება. დაზიანებული იქნება, ალბათ, დაახლოებით 300-400 ტონა მაღალხარისხიანი საფერავი. თუმცა სხვა მხრივ, ჩვენი ვენახები არის ძალიან მაღალი ხარისხის. რთველი დავიწყეთ 29-30 აგვისტოს. მევენახეებისგანაც ვყიდულობთ რქაწითელის ჯიშის ყურძენს 1.10 - 1.15 ლარის ფარგლებში, პლუს ტრანსპორტირება. ჩვენ შედარებით მაღალ ფასს ვიხდით იმისთვის რომ საბოლოო პროდუქტი მივიღოთ მაღალი ხარისხის.“- აღნიშნა ზურაბ მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, კომპანიის საკუთრებაში ამჟამად 405 ჰექტარი ვენახია.
„ვენახები ხუთ ადგილზე გვაქვს, გურჯაანის, ყვარელის და თელავის ტერიტორიაზე. სეტყვისგან მიღებული ზარალის მიუხედავად, ჩვენ საკმაოდ იმედიანად ვართ.“-აღნიშნა ზურაბ მარგველაშვილმა.