„უდაბნოში“ წელს 200 ტონა ნუშის მოსავლის აღებას ელიან. როგორც კომპანიის დირექტორმა „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, კომპანიამ პირველი მასშტაბური მოსავალი შარშან აიღო.

„გასულ წელს ავიღეთ 200 ტონაზე მეტი ნუშის გული. პირველი ექსპორტი უკვე გვქონდა და 30 ტონამდე ნუში გავიდა დუბაიში. ამ კუთხით გეგმები წელსაც გვაქვს.  ნედლი ნუშის ძირითადი ნაწილი ჩვენს გადამამუშავებელ  ქარხანაში ბარდება. სადაც ხდება ნუშის მეორადი დამუშავება, რძის, ზეთის, ფქვილის მიღება. საწარმოდან კი მარაგდება სხვადასხვა ობიექტები: სასტუმროები, რესტორნები, ფიზიკური თუ კერძო პირები.  ახლა რამდენიმეწლიანი გარდამტეხი პერიოდი გვაქვს,  რადგან სრულად გადავედით ორგანულ მეუროენობაზე. ჩვენთან ნუშის მოსავლიანობა ნელ-ნელა გაიზრდება და არა ისე როგორც ინდუსტრიულ ბაღებშია. რადგან არ ვიყენებთ  შხამქიმიკატებს  და სხვადასხვა დანამატებს.  ამიტომ  ეტაპობრივად,  ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ.“- აღნიშნა  ლადო ცინცაბაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოში ნუშის მოსავლის აღება აგვისტოს ბოლოს იწყება.

„შეიძლება ითქვას, ასეთი  მასშტაბებით ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ნუშის ბაღების გაშენება. დავინახეთ პოტენციალი ამ მიმართულებით, რადგან  ნუში ითვლება მაღალი საფასო სეგმენტის პოდუქტათ, რომელზეც მოთხოვნა მზარდია.“- განმარტა „უდაბნოს“ დირექტორმა.

ცნობისთვის, კომპანია „უდაბნოს“ ნუშის ბაღები კახეთში, საგარეჯოს რაიონ სოფელ უდაბნოსთან ახლოს მდებარეობს. კომპანიამ  ბაღების გაშენება 2017 წლიდან დაიწყო.  ამ ეტაპზე კი ნუშის ბაღები 2000 ჰექტარზე აქვს გაშენებული.