ივნისში, საქართველოში დაზღვეული ფართობების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  14%-ით გაიზარდა. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ამ დროისთვის 17 300 ჰექტარზე მეტი ფართობია  დაზღვეული.

„მზარდი მონაცემები  იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად გააქტიურდნენ ფერმერები. ამის ერთ-ერთი წინაპირობა ასევე არის ის, რომ ვაზის შემთხვევაში  წინა წლებში ჩვენ გვქონდა 50%-იანი თანადაფინანსება და წელს  უკვე გავუთანაბრეთ  ყველა კულტურას და 70%-იანი თანადაფინანსება გვაქვს.  ძირითადი სტიქიური მოვლენები  მაინც კახეთში და შიდა ქართლში ხდება. შესაბამისად, ვენახის  დაზღვევის მიმართულებით უფრო მეტი დაინტერესებაა ჩვენს ფერმერებში.“- განმარტა ნატალია ხარატიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში აპრილის  დასაწყისიდან ძალიან ხშირი იყო სტიქიური მოვლენები.

„ამინდიც ისეთია  რომ დღესდღეისობითაც ხშირია სეტყვა და წყალდიდობა. ამიტომ,  ახლაც არ არის გვიან, რომ დაეზღვიონ ჩვენი ფერმერები. პოლისის  ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი თვისა. მათ ვისაც არ აქვთ დაზღვეული და გადარჩა მათი ნაკვეთები,  მე ვურჩევდი რომ აუცილებლად მიმართონ სადაზღვევო კომპანიებს. წინა წლების პრაქტიკაც გვიჩვენებს, რომ აგვისტოში და სექტემბერშიც ხდება  სტიქიური მოვლენები და ჯობს,  არ დაკარგონ ის შემოსავალი რაც შემოდგომაზე უნდა აიღონ. ამიტომ მიმართონ სადაზღვევო კომპანიებს,  შეიძინონ დაზღვევის პოლისი და სახელმწიფო 70%-იან თანადაფინანსებას  მოახდენს.“ - აღნიშნა ნატალია ხარატიშვილმა.

ცნობისთვის, აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ყველა ფერმერი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 50 ჰექტარი. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად.