"გეო ნუშს" საგარეჯოში ბიო ნუშის ბაღი აქვს გაშენებული. მოსავალს წელს პირველად მიიღებს.
როგორც გეო ნუშის დამფუძნებელი თორნიკე მჭედლიშვილი "აგროპარტნიორთან" ამბობს, კომპანია ადგილობრივ ბაზარს ბიო ნუშით მოამარაგებს, ამასთან, გეგმავს, რომ ნუშის ზეთი და ეტაპობრივად სხვადასხვა პროდუქტები გამოუშვას.
"წელს, ვგეგმავ ნუშის ზეთიც დავწურო - ნედლი, ცივად დაწურული ზეთი. მომავალი წლიდან ნუშის ფქვილის გამოშვებასაც ვგეგმავ, ვნახოთ როგორ განვითარდებით, შეიძლება ნუშის რძეც დავამატო.
მაქვს პირველადი გადამმუშავებელი საწარმო, თუმცა არ მაქვს გამტეხი და საწყობი. ამ ეტაპზე გამოწვევაა სასაწყობე და საკრეფი მეურნეობა, რადგან მოსავლის აღება, გადამუშავება, დასაწყობება - ეს უწყვეტი ციკლი უნდა იყოს. თუ მოსავლის აღება დროში გაიწელა, გარე გარსი ახმება და მისი გარჩევა რთულდება. თუ გარჩევა დროულად ვერ მოხერხდება, შეიძლება დასაწყობების დროს ობი აიღოს", - აღნიშნა თორნიკე მჭედლიშვილმა.