ნერგებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე ორმაგდება. წელიწადში 240 000-ი მხოლოდ ხეხილის ნერგი გამოგყვავს,  მარაგები თითქმის ამოწურულია, - ამის შესახებ "ტყვიავის სანერგე მეურნეობის" დამფუძნებელმა ხათუნა კურტანიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი ჯუჯა ბლის ნერგია, ხოლო ყურძნის ჯიშებში  - "ავატარი".

"წვიმაა, თოვლი თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს. მოთხოვნა ყველა პროდუქტზე, ყოველთვის ძალიან მაღალია. წინასწარი ჯავშნებიც უკვე შემოსულია, რადგან წლევანდელი ნერგების მარაგები თითქმის ამოწურულია. დიდი პარტიები ძირითადად წინასწარ იყიდება. ჩვენს პროდუქციას მთელი საქართველოს მასშტაბით ყიდულობენ. განსაკუთრებით მოთხოვნადია ხეხილის ნერგები. ასევე, მაღალი მოთხოვნაა მარადმწვანე მცენარეებზე და ვერცხლისფერ ნაძვებზე, თუმცა როგორც ტუია და სხვა სახეობები, მაღალი ფასიდან გამომდინარე, აღნიშნული სახეობა ისე აქტიურად არ იყიდება. ასევე, დიდი მოთხოვნაა სუფრის ჯიშის ყურძნის ნერგებზე, რომელიც ამერიკიდან არის შემოტანილი. ხეხილის ნერგების ფასი 6-ლარიდან იწყება. 

ჩვენ ხეხილის ნერგები 2 ჰა ტერიტორიაზე გვაქვს, ხოლო 1 ჰა-ზე მარადმწვანე მცენარეები. დაახლოებით, 10 წელია აღნიშნულ საქმიანობას ვეწევით. ფაქტობრივად, ცარიელი ხელებით, 1000 ნერგიდან დავიწყეთ საქმიანობა და დღეს ბაზარზე ძალიან დიდი სანდოობით ვსარგებლობთ. ლოიალური მომხმარებლებიც ძალიან ბევრი გვყავს. ბაზარზე არსებულ სხვა სანერგეებს კონკურენციას მაღალი ხარისხით ვუწევთ", - აცხადებს ხათუნა კურტანიძე.

ცნობისთვის, "ტყვიავის სანერგე მეურნეობა" გორში, სოფელ ტყვიავში მდებარეობს და ნერგებს როგორც ონლაინ მთელი საქართველოს მასშტაბით, ისე ადგილზე ყიდის.

bp.ge