არანაირ კომპრომისს არ დავუშვებთ და 17%-ზე დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენი ძალიან იაფად ჩაბარდება, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაბალი ხარისხის ყურძნის ფასი წელს 30 თეთრი იქნება.
"ჩვენ წლევანდელი რთველის სქემა, იმ შემთხვევაში თუ მთავრობას ჩარევა მოუწევს, ჯერ კიდევ მარტში დავაანონსეთ, რათა ფერმერს თადარიგი დაეჭირა და შესაბამისი შედეგი დამდგარიყო. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ყურძნის და ვაზის მოვლაში გარკვეული კორექტირებები იქნეს შეტანილი. სქემა გულისხმობს იმას, რომ ყურძნის ფასები განსხვავებული იქნება, შაქრიანობის მინიმალური ზღვარი დაწესებულია და ეს არის 17%. გარდა ამისა, სხვადასხვა ყურძნის შემთხვევაში არის საშუალო ხარისხის კორიდორი 17%-დან 20%-მდე და საფერავის შემთხვევაში ეს არის 17%-დან 22%-მდე. აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია, რომ საფერავის შემთხვევაში ერთი პროცენტით იქნეს დაწეული ხარისხის ნიშნული - კერძოდ, 21%-მდე. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ მთელი ზაფხულის პერიოდში შეხვედრები გვქონდა მევენახეებთან კახეთის მასშტაბით. შესაბამისად, გარკვეული მოსაზრებები საფერავთან მიმართებაში გამოითქვა და ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით შესაძლებელია 1%-ით დაიწიოს მაღალი ხარისხის ყურძნის მაჩვენებელმა. ფასებიც სწორედ ამ შაქრიანობაზე იქნება დამოკიდებული.
არანაირ კომპრომისს არ დავუშვებთ და 17%-ზე დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენი ძალიან იაფად ჩაბარდება - ე.წ. უწამლის ფასში, ანუ 30 თეთრად. შესაბამისად, ყველა ის ყურძენი, რაც არ გამოდგება ღვინისთვის ამ კატეგორიაში ექცევა და ასევე, 30 თეთრი იქნება ფასი. საშუალო ხარისხის ყურძნის ფასი საფერავის შემთხვევაში 90 თეთრი იქნება, სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში 80 თეთრი და მაღალი კატეგორიის შემთხვევაში, საფერავი -1.5 ლარი იქნება, ხოლო 1.3 ლარი სხვა ჯიშები", - აცხადებს ლევან მეხუზლა.
მანვე აღნიშნა, რომ წელს უხვი მოსავლის მოლოდინი არსებობს და საერთო ჯამში, ყურძნის რაოდენობა დიდი ალბათობით, 300 000 ტონას ასცდება.
bp.ge





