სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრა სოფელ წიფერჩში, ერთ-ერთი ადგილობრივი ფერმერის ნაკვეთზე გაიმართა, სადაც ცენტრის მიერ გადაცემული სათესლე მასალით  ხორბლის ადგილობრივი ენდემური სახეობები და ტრადიციული ჯიშები მოჰყავთ.

„ტრადიციული ჯიშების დაბრუნება წარმოშობის რეგიონებში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების გზაზე. ჩვენი მიზანია, მოძიებულმა და აღდგენილმა გენეტიკურმა რესურსებმა ფერმერთა ხელში გააგრძელოს სიცოცხლე და მოხდეს მათი გამოყენება, გამრავლება და შენარჩუნება.“ - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

სადემონსტრაციო ნაკვეთზე  განთავსებულია 88 ნიმუშისგან შემდგარი კოლექცია, რომელშიც გაერთიანებულია, როგორც ცენტრის მიერ საქართველოში მოძიებული 24 ადგილობრივი, ისე გერმანიის გატერსლებენის გენბანკიდან დაბრუნებული 64 გენეტიკური ნიმუში.

„წარმოდგენილი ხორბლის სახეობები და  ჯიშები თითქმის გაქრა რაჭა-ლეჩხუმის  რეგიონიდან. მათი გენეტიკური მასალა წლების განმავლობაში ინახებოდა უცხოურ გენბანკებში. დღეს ისინი დაუბრუნდნენ იმ მიწას, სადაც ოდესღაც გაჩნდა და გავრცელდა“, - აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსმა  და პროექტის მენეჯერმა თამარ ჯინჯიხაძემ.

ტრადიციული ჯიშების დაბრუნება FAO-ს პროექტის „კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში — in situ და ex situ კონსერვაციის ფორმებს შორის კავშირის გაძლიერება“ ფარგლებში მიმდინარეობს.