გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიური აგროინდუსტრიული ჯგუფის Bonifiche Ferraresi ხელმძღვანელებს შეხვდა და კომპანიის საქმიანობის მიმართულებებს გაეცნო.
Bonifiche Ferraresi იტალიის წამყვან აგროინდუსტრიულ კომპანიებს აერთიანებს და აგროსასურსათო წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის თანამედროვე მიდგომებით განვითარებაზე მუშაობს. Bonifiche Ferraresi არაერთ საერთაშორისო პროექტს ახორციელებს, რაც ითვალისწინებს სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის მიწოდებას და ციფრული პლატფორმების შექმნას.
„გვჯერა, რომ საქართველო არის სტრატეგიულად საინტერესო ქვეყანა, რომელსაც ლოგისტიკური თვალსაზრისით შეუძლია ჩამოყალიბდეს ჰაბად. მას აქვს პოტენციალი როგორც ქვეყნის შიგნით განვითარების, ისე დამაკავშირებელი დერეფნის ფუნქციის შესრულების. BF ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საკუთარი თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტი. კომპანია სრულად აკმაყოფილებს აგროინდუსტრიულ სფეროში არსებულ მოთხოვნებს“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგროწარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების, ხარისხის და წარმოების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვის, ასევე მართვის გაციფრულების მნიშვნელობაზე. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„უმსხვილეს აგროიდუსტრიულ ჯგუფთან შეხვედრაზე ვიმსჯელეთ საქართველოში პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე, რაც ხელს შეუწყობს ეფექტიანი ბიზნესმოდელების ჩამოყალიბებას და აგროწარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩი თეოდორიკო ნანი, ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია და სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი.







