ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისში ადგილობრივი ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული კონცეფციის ღვინის ბარი გაიხსნა, სადაც ღვინის რეალიზაციას, კონსულტანტის ნაცვლად, თავად მეღვინე ახდენს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მეღვინეობა „8000 ისტორიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა გვანცა ნიკოლეიშვილმა  განუცხადა, მსგავსი ფორმატის ბარის გახსნის იდეა მას და მის მეუღლეს გაუჩნდათ და მალევე, ეს იდეა რეალობად აქციეს.

„მე და ჩემი მეუღლე უშუალოდ, პირისპირ ვხვდებით მომხმარებელს და ვაცნობთ ბარში წარმოდგენილი ღვინოების ისტორიას, ასევე, მათი წარმოების პროცესს. ამ ეტაპზე, ჩვენს ბარში წარმოდგენილია ჩვენივე წარმოებული 10 სახეობის ქართული ღვინო, მათ შორის - ბუდეშური, მცვივანი, ხიხვი, რქაწითელი და სხვაა“, - აღნიშნა გვანცა ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, მეღვინეობა „8000 ისტორიის“ განსხვავებული კონცეფციის ღვინის ბარით, უმეტესად, საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფი უცხოელები ინტერესდებიან, მათ შორის  - ვიზიტორები შვეიცარიიდან, ნიდერლანდებიდან და ევროპის სხვა წარმატებული სახელმწიფოებიდან.

ბარში, რომელსაც „მეღვინე“ ჰქვია, ამჟამად, საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის ღვინოები იყიდება.

ცნობისთვის, მეღვინეობა „8000 ისტორია“ 2021 წელს დაარსდა და მისი ისტორია სათავეს კახეთში იღებს, კერძოდ -  სოფელ ველისციხეში. კომპანია ქართული ღვინოების ფართო ასორტიმენტს აწარმოებს — როგორც კლასიკური ევროპული მეთოდით დაყენებულ ღვინოებს, ასევე ქვევრის, ტრადიციულ ქართულ ღვინოებს.

bp.ge