გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, მეღვინეობის დარგში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხარისხიანი ყურძნის წარმოების წახალისება და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდაა.

მან რთველის მიმდინარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე დიდი მოსავალი იქნება.

„წელს საუკეთესო ხარისხის მოსავალი გვექნება, ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე დიდი მოსავალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ქართული ღვინო აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანთან ასოცირებული. გასულ წლებში, რაც მეტ ყურძენს მოიყვანდა მევენახე, მეტ შემოსავალს იღებდა და მას არ ჰქონდა ინტერესი, ეწარმოებინა ხარისხიანი ყურძენი. არ შეიძლება, რომ ქართული ღვინო გათვლილი იყოს რაოდენობაზე და ეს თითოეულმა მევენახემ და მეღვინემ არაჩვეულებრივად იცის. მეღვინეობის დარგის რეფორმის მიზანიც სწორედ ეს არის - ვაწარმოოთ ხარისხიანი ყურძენი, რომლის საზომიც არის შაქრიანობა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

მისი განცხადებით, კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია და მოსავლის დაბინავების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს.

„კახეთში ყურძნის გადამუშავებამ 206 ათას ტონას გადააჭარბა. რთველის საკოორდინაციო შტაბი და ღვინის საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. წლევანდელი რთველი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევა. ხარისხიანი ღვინის მიღება შეუძლებელია ხარისხიანი ყურძნის გარეშე - ხარისხიანი ღვინო იბადება ვენახში. სწორედ ამას ემსახურება ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების სისტემის დანერგვა, რაც მევენახეებს აძლევს მოტივაციას, უფრო მეტად იზრუნონ ყურძნის ხარისხზე“,- აღნიშნა მინისტრმა.