გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში დომინიკის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა), ელვის ანტონიო ალამ ლორას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღვინის, ტროპიკული ხილისა და თამბაქოს სექტორებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს, ასევე გამოცდილების გაზიარებას გარემოს დაცვის მიმართულებით.
მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც პლასტმასის გამოყენების შემცირებას, სატყეო სექტორის განვითარებასა და დაცული ტერიტორიების გაფართოებას უკავშირდება.
„ნარჩენების მართვა დღეს გლობალური გამოწვევაა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოში აქტიურად ვმუშაობთ პლასტმასის გამოყენების შემცირებაზე, ასევე, ვახორციელებთ მასშტაბურ სატყეო რეფორმას, ტყეების აღდგენის, მდგრადი მართვისა და მათი მრავალფუნქციური გამოყენების მიზნით. ამ პროცესში პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო ჰაბის როლს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
დომინიკის რესპუბლიკის ელჩმა ელვის ანტონიო ალამ ლორამ თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ, შევისწავლოთ არსებული შესაძლებლობები და გავაძლიეროთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, გარემოს დაცვის სფეროში, სადაც გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ელჩმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ დომინიკის რესპუბლიკის დესპანი საქართველოში რემი მაკლოფ მალეკი, დომინიკის რესპუბლიკის საპატიო კონსული ლევან ჭოლაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი.





