მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში მთავარი აქცენტი ხარისხზე და სწორ დაგეგმვაზე კეთდება - როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, ვენახის გაშენებისას დაშვებულ შეცდომებს გრძელვადიანი გავლენის მოხდენა შეუძლია.
მისივე თქმით, დარგი განვითარების იმ ეტაპზეა, როცა სპონტანური მიდგომები აღარ არის მისაღები და აუცილებელია ვენახების გაშენება სწორ ლოკაციებზე, შესაბამისი სტანდარტების დაცვით მოხდეს.
"ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, თუმცა სრულყოფას საზღვარი არ აქვს. ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ დარგმა სრულყოფილებას მიაღწიოს, მათ შორის, ქართული ღვინო უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის და უნდა ჰქონდეს უნიკალური თვისებები, რაც სხვა ქვეყნის ღვინოებისგან გამოარჩევს. ყველა ნაბიჯი ამისკენ იდგმება, მათ შორის, ვენახის გაშენებაზე ნებართვის შემოღება, რთველის ხარისხზე მიბმა და ა.შ.
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ - ეს არის მევენახეობის მდგრადი განვითარება, რაც პირველ რიგში ვენახების სწორ ადგილას გაშენებას გულისხმობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვენახი არის გრძელვადიანი ინვესტიცია. პირველ მოსავალს ვენახი 3-4 წლის შემდეგ იძლევა და საუკეთესო წლები 20-30 წლის შემდეგ დგება. შესაბამისად, ახლა დაშვებული ნებისმიერი შეცდომა მთელ თაობებს რისკის ქვეშ აყენებს, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ მივუდგეთ ვენახების გაშენებას. დარგმა განვითარების იმ ეტაპს მიაღწია, რომ ასეთი სპონტანური გაშენება, რაც აქამდე გვქონდა, აღარ არის მიზანშეწონილი.
რაც შეეხება რთველს - ჩვენ შარშანდელი რთველის გამოცდილებამ გარკვეული კორექტირება შეგვატანინა მიდგომაში. კერძოდ, მინიმალური შაქრიანობის დაწესება, ეს არის 17%, რის ქვემოთაც ყურძენი გამოსადეგად აღარ ჩაითვლება", - აცხადებს ლევან მეხუზლა.
ცნობისთვის, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც განსაზღვრავს ვენახის გაშენებაზე თანხმობის წესებს, დაცული ადგილწარმოშობის პროდუქციის გამოყენებას და ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვას ღვინის კომპანიებისთვის. ასევე, 2026 წლის რთველზე ყურძნის ფასი შაქრიანობასა და ხარისხზე იქნება დამოკიდებული.







