გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი, ტყის მართვის ერთობლივი კომისიის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილმა, ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ეკოსისტემების დაცვისა და მათი მდგრადი მართვის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კოორდინირებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ეკოსისტემების დაცვისა და მათი მდგრადი მართვის უზრუნველყოფის პროცესში”, - აღნიშნა გიორგი წკრილაშვილმა.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტყეში მდებარე ეკლესია-მონასტრების რეგისტრაციის, ეკლესიისათვის მიჩენის წესით გადაცემული ფართობების მართვისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის საკითხები.

აღსანიშნავია, ტყის მართვის ერთობლივი კომისია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2024 წლის 15 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანი საქართველოში არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობების მდგრადი მართვის ხელშეწყობა, ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნებაა.

გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდნენ ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარე, გორის და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გვაზავა, საპატრიარქოს საეკლესიო დაცული ტერიტორიების კონსულტანტი დეკანოზი პეტრე (ხუმარქაშვილი), დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, ერთობლივი კომისიის კოორდინატორი, საპატრიარქოს საეკლესიო დაცული ტერიტორიების სამსახურის უფროსის მოდგილე გოჩა არონიშიძე, საპატრიარქოს იურისტი  ედიშერ ქარჩავა, კომისიის თანათავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი,

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი,  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მირიან ჩაჩავა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები და დაინტერესებული მხარეები.