ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს თავშესაფრის ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიუსაფარი ძაღლების გადაყვანასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„ზოგიერთ ვიდეოში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი ის, რაც რეალობას არ შეესაბამება. შინაურ ბინადარ ცხოველებთან მიმართებაში ღონისძიებები მიმდინარეობდა კახეთსა და იმერეთში; ასევე გამოიყო ჯგუფი, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დაიწყო ოპერირება და პირველი გასვლა ადგილობრივ მერიასთან ერთად განხორციელდა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო არც ერთ სხვა რეგიონში და მუნიციპალიტეტში არ შესულა და არც ერთ სხვა თავშესაფარში ცხოველები არ მიუყვანია“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
მისივე განმარტებით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე სააგენტოს მანქანების გადაადგილება და თავშესაფარში შესვლა არ დაფიქსირებულა, რაც მარტივად გადამოწმებადია, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერების გადამოწმებით. მინისტრის მოადგილემ შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„ვინც ამტკიცებს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა და არსებობს კადრები, ვთხოვ, გაასაჯაროონ. ეს ძალიან ადვილი დასამტკიცებელია და აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს. შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით. დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არანაირი შეხება არ აქვს შიდა ქართლის თავშესაფართან. ერთადერთი, რაც მე ვნახე, არის ბოლი ინსენერატორიდან, რომლის ფუნქციაა ნარჩენების, მათ შორის ცხოველური ნარჩენების დაწვა, რომელიც ოპერაციის შემდეგ წარმოიქმნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.






