ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია Swirl Wine Group განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მიმდინარე წელს დეგუსტაცია-სემინარები სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ღვინის ტურები მოეწყობა საქართველოში.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანიასთან Swirl Wine Group 2015 წლიდან თანამშრომლობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითად მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.





