გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, შეიქმნება ფერმერთა რეესტრი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ფერმერების იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი.

„ეს შესაძლებლობას მოგვცემს ფერმერების  საჭიროებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილებები. დღეს ამ ტიპის  ინფორმაციასთან წვდომა საკმაოდ გაბნეულია“,- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაში  განვლილმა პერიოდმა შექმნა ბაზა, პირველადი ინფრასტრუქტურა  და გააჩინა  შესაძლებლობა, რომ აგროსექტორის განვითარება ახალ ეტაპზე გადასულიყო.

„საოჯახო მეურნეობების გაძლიერებაც არის ახალი  პროგრამის ნაწილი, რომელზეც  მიდის მუშაობა და აუცილებლად გვექნება პრეზენტაცია.  ფაქტობრივად, ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით გვაქვს შესაბამისი პროგრამა, რაც სრულად დაფარავს ბაზარზე დღეს არსებულ მოთხოვნას. რამდენიმე მიმართულება უნდა გამოვყო, მთავარი არის ის, რომ ფაქტობრივად ხდება აქამდე არსებული ფრაგმენტული პროგრამების გაერთიანება. მაგალითად, ფერმერს რომ უნდოდა ხეხილის ბაღის გაშენება. ცალკე აკეთებდა განაცხადს დანერგე მომავალში, წვეთოვან სისტემებთან მიმართებით, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებთან დაკავშირებით და ცალ-ცალკე უწევდა ერთი პროექტის სხვადასხვა კომპონენტის დაფინანსებაზე ბრძოლა.  ახლა დასტანდარტდა ეს ყველაფერი და  ერთიან პროექტად შეიკრა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გაუადვილდეს ფერმერს  მოთხოვნის გაკეთება და საბოლოოდ, მივიღოთ ხარისხიანი და სტანდარტული პროდუქცია“,- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მისივე განმარტებით, პროექტების განხილვისას ყურადღება ექცევა შინაარსს, შედეგს და არა დაფინანსების წყაროებს და იმას,  თუ როგორ შეძლებს ფერმერი სხვა დანარჩენი სახსრების უზრუნველყოფას.

ცნობისთვის, გასულ კვირაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამა - „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარადგინა, რომელიც აგროსექტორის მხარდაჭერის განახლებულ და თანამედროვე მიდგომას ეფუძნება.

bp.ge