სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივითა და კომპანია SST-ის (Sensors & Smart Technologies) მხარდაჭერით, მევენახეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „აგრომეტეოროლოგიური სადგურებისა და სენსორების გამოყენება ვაზის პირველად წარმოებაში“ გაიმართა.
შეხვედრის მიზანი მევენახეებისთვის ვენახებში კლიმატური და გარემოს მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგიების, მათი გამოყენების შესაძლებლობებისა და პრაქტიკული მნიშვნელობის გაცნობა იყო.
მევენახეებს აგრომეტეოროლოგიური სადგურებისა და სენსორების გამოყენების შესაძლებლობები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ვაზის დაავადებებისა და მავნებლების რისკების პროგნოზირებაზე, ფიტოსანიტარული ღონისძიებების სწორად დაგეგმვასა და სარწყავი წყლისა და სხვა რესურსების ეფექტიან მართვაზე. ასევე, წარმოდგენილი იყო ამ ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების მაგალითები ვენახის მოვლისა და მართვის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატური და ბუნებრივი რისკების შემცირებისა და მევენახეობაში წარმოების ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობებს.
შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს მევენახეობაში ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზე.
SST (Sensors & Smart Technologies) საკონსულტაციო და ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია სენსორებზე დაფუძნებულ ციფრულ გადაწყვეტილებებს ავითარებს და სოფლის მეურნეობის, ურბანული მართვის, გარემოს მონიტორინგისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვის სფეროებში მათი დანერგვის მიმართულებით მუშაობს.






