მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში კრიტიკული მინერალების ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „კრიტიკული მინერალების ცირკულარულობა: არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პოლიტიკის პრიორიტეტები“.
პროგრამა მოიცავდა შეხვედრებს დარგის ექსპერტებთან, ასევე კრიტიკული მინერალების გადამუშავების, ბატარეების წარმოებისა და გადამუშავების ობიექტების დათვალიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიტიკული მინერალების ინდუსტრიულ პოლიტიკას, მდგრადი და ცირკულარული ღირებულებათა ჯაჭვების განვითარებას, გადამუშავების თანამედროვე მიდგომებსა და დაფინანსების მექანიზმებს. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს სახელმწიფო კვლევითი და საწარმოო ობიექტები.
ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო კრიტიკულ მინერალებთან დაკავშირებული კორეის რესპუბლიკის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისა და გაზიარებისთვის, ასევე სამომავლო თანამშრომლობისა და ახალი ინიციატივების შესაძლო მიმართულებების განსაზღვრისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ინდოეთის, ინდონეზიის, ყაზახეთის, მალაიზიის, მონღოლეთის, პაკისტანის, ფილიპინების, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ვიეტნამის წარმომადგენლები, ასევე აზიის განვითარების ბანკის ექსპერტები.
საერთაშორისო სასწავლო პროგრამა განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებითა და კორეის განვითარების ინსტიტუტის (KDI) გლობალური ცოდნის გაცვლისა და განვითარების ცენტრის (GKEDC) მხარდაჭერით.






