საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიება აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტის - „კლიმატ-გონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის“ წარმომადგენელთა ინიციატივით მოეწყო და მას შპს „საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ხორციელდება. შეხვედრაზე წარდგენილ პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილეს რეაბილიტაციის პროცესის ძირითადი ეტაპები, დაგეგმილი სამუშაოები, გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები.
კლიმატ-გონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის მთავარი მიზანია პროექტის არეალში სარწყავი სისტემების მოდერნიზება და წყლის რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ასევე, ძველი და დაზიანებული არხებისა და გამანაწილებლების ახალი, თანამედროვე სისტემით ჩანაცვლება. პროგრამა ხელს უწყობს საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესებას, წყლის რესურსების მართვის პოლიტიკისა და შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩოს განვითარებას.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივების საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე პროექტის შესაძლო ზემოქმედების საკითხიც და აღნიშნეს, რომ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, მიყენებული ზიანი დეტალურად შეფასდება.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა პროექტის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების განხილვას და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას ემსახურებოდა.






