ქვემო სვანეთში, ლენტეხის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. მსგავსი მიდგომა ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.

მათივე ინფორმაციით, ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. თევზის აღნიშნულ სახეობას მოწყვლადის კატეგორია აქვს მინიჭებული. ნაკადულის კალმახის გამრავლების მიზნით,  2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს,  რომელიც წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოებას და მდინარეების დათევზიანებას ითვალისწინებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უწყების  ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.