სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეთა სასწავლო ვიზიტი გაიმართა.

პროგრამაში მონაწილეობდნენ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და პაკისტანის აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ლაბორატორიის ინფრასტრუქტურასა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს, მავნებლებისა და დაავადებების დიაგნოსტიკის პროცესებს, ასევე ნიმუშების აღების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და მიკვლევადობის პრინციპებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების, განსაკუთრებით ახალი და ინვაზიური სახეობების დროული გამოვლენისა და მონიტორინგის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების ფონზე, მათი ეფექტიანი მართვისთვის მნიშვნელოვანია ლაბორატორიული კვლევები, რეგიონული თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.

პროგრამის მონაწილეებმა ერთმანეთს CAREC-ის რეგიონის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს და მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.