გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, ვაზის სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა გაიმართა ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფონზე. აღნიშნული ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის ახალი ვენახების გაშენების პროცესში ხარისხიანი სარგავი მასალის გამოყენების მნიშვნელობას, რაც წარმოადგენს თანამედროვე ვენახების გაშენებისა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს.
„ვაზის სარგავი მასალის შესაბამისობის შეფასება მხოლოდ ფორმალური პროცესი არ არის, ეს მევენახეობის დარგის განვითარების საფუძველია. სერტიფიცირების პროცესგავლილი ვაზის კულტურული ჯიშის ნამყენი ნერგი ნიშნავს ჯიშურ სიწმინდეს, ხარისხს, სანდოობას და ახალი ვენახის გაშენების მსურველი ფერმერისთვის გრძელვადიან შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ ნერგის მწარმოებლებმა თანმიმდევრულად და სრულყოფილად განახორციელონ ვაზის ნამყენი ნერგის წარმოების ყველა ეტაპი და გააცნობიერონ ამ პროცესის მნიშვნელობა“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, პროცედურებს, ეტაპებს და ვადებს. ასევე ყურადღება გამახვილდა სარგავი და გასამრავლებელი მასალის ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე.
განსაკუთრებით აღინიშნა, რომ მიკვლევადი და დაავადებებისგან თავისუფალი სარგავი მასალის წარმოება და გამოყენება წარმოადგენს გენეტიკურად სანდო და მაღალპროდუქტიული ვენახების გაშენების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას, რაც პირდაპირ აისახება როგორც ყურძნის მოსავლიანობაზე, ასევე ღვინის ხარისხზე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს ნერგის მწარმოებელი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების მხარდაჭერას, გაუწევს თეორიულ და პრაქტიკულ კონსულტაციებს, ეტაპობრივად გადასცემს საბაზისო კატეგორიის სარგავ მასალას და დაეხმარება გასამრავლებელი მასალების ფიტოსანიტარული სიჯანსაღის ლაბორატორიულ კვლევებში.






