საქართველოდან ღვინის ექსპორტი როგორც რაოდენობაში, ისე ღირებულებაში შემცირდა. ქართული ღვინის გილდიის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ აღდგომელაშვილი მიზეზად, ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს და სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტს ასახელებს.
„ბოლო დროს, ბევრი საექსპორტო ბაზარი ან სრულად, ან ნაწილობრივ ჩაიკეტა, შესაბამისად, ღვინის უდიდესი მწარმოებლები და ისეთი ძლიერი მოთამაშეები, როგორებიც არიან მაგალითად - იტალია და საფრანგეთი, გადანაწილდნენ სხვა საექსპორტო ბაზრებზე, სადაც ჩვენი ღვინოც გადიოდა და შესაბამისად, საქართველოს მათთან მოუწია კონკურენციაში შესვლა, რამაც გარკვეული გავლენა იქონია ექსპორტის მაჩვენებლებზე. მსოფლიოს ბაზარზე თამაშობენ ძალიან ძლიერი მოთამაშეები და ამ ძლიერ მოთამაშეებში ჩვენ საკმაოდ სუსტები ვართ. არა იმიტომ, რომ დაბალი ხარისხის ღვინო გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ნაკლები გამოცდილება გვაქვს და თამაშის წესები ბოლომდე არ ვიცით“, - აღნიშნა ნიკოლოზ აღდგომელაშვილმა.
მან ქართული ღვინის ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ის ძალიან ნელი ტემპით, თუმცა, წლიდან წლამდე მზარდია. ეტაპობრივად, იზრდება ქართული ღვინის საექსპორტო ფასიც.
„საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ღვინის ფასი მზარდია, თუმცა ძალიან ნელი ტემპით. არიან საწარმოები, რომელთა ღვინის შესაძენადაც სპეციალურად ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში და მათი ღვინოები ღირს 1200 დოლარი და უფრო მაღალი ფასიც. მე ვიცნობ ასეთ საწარმოებს და საბედნიეროდ, ასეთი ღვინოებიც გვაქვს საქართველოში, თუმცა ეს საერთო სურათს არ ქმნის“, - განმარტა ქართული ღვინის გილდიის თანადამფუძნებელმა.
მისივე თქმით, დღეს, ადგილობრივი ღვინო უცხოეთში, უმეტესად, დაბალ და საშუალო სეგმენტშია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია. აქ ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულება 6 დოლარის ფარგლებში მერყეობს. უმეტეს შემთხვევაში კი, 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი, გადასახადების გარეშე, დაახლოებით, 3 დოლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება ექსპორტის ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, 2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 70 ქვეყანაში ექსპორტირებულია 245 მლნ დოლარის ღირებულების 82 მილიონამდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, თანხაში – 7%-თაა შემცირებული, ხოლო რაოდენობაში – 9%-ით. ბიზნესსექტორში ექსპორტის ჯამური მაჩვენებლის კლების მთავარ მიზეზად რუსეთში ექსპორტის შემცირებას ასახელებენ, რაც ამ ქვეყანაში, 2024 წელს იმპორტირებულ ალკოჰოლზე აქციზის გადასახადების ზრდას მოჰყვა. თუმცა, ქართული ღვინის ცნობადობა და შესაბამისად, გაყიდვები გაზრდილია სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის ევროპული სახელმწიფოებისა და აშშ-ს მიმართულებით. გარდა ამისა, აზიის კონტინენტიც ყალიბდება როგორც მზარდი საექსპორტო მიმართულება.
უნდა ითქვას, რომ წელს ქართული ღვინის რეალიზაცია, ძირითადად, შემდეგ 10 ქვეყანაში ხდებოდა: რუსეთი, პოლონეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, გერმანია, აშშ, ლატვია და ლიეტუვა.
bp.ge





