ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებები ვითარდება.

სვანეთის რეგიონი, ბუნებრივად შთამბეჭდავი ადგილია და შესაბამისად ტურისტული პოტენციალი საკმაოდ დიდია. თუმცა, მხოლოდ ბუნებრივი პირობები არ არის საკმარისი ადგილის ტურისტულად მიმზიდველობისთვის. აქ, უკვე ადგილობრივი მაცხოვრებლების დიადი გეგმები, მონდომება და დონორების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ტურისტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას.

დავით ნიკოლოზიანის ყველა გეგმა თუ მიზანი, ყოველთვის სვანეთს უკავშირდებოდა. სწავლის 7 წლიან პერიოდში, ქალაქში ყოფნის დროს, გამუდმებით ფიქრობდა თუ როგორ გამოეყენებინა მიღებული ცოდნა და გამოცდილება მშობლიური სვანეთის განვითარებისთვის.

სვანეთში დაბრუნებულმა, ლატალის თემში, სოფელ ლახუშდში, მამა-პაპისეული ტრადიციული სახლის საოჯახო სახლ-სასტუმროდ გადაკეთება გადაწყვიტა და თავისი დანაპირებიც აასრულა. თავიდან 3 ოთახი მოაწესრიგა და ტურისტების მცირე რაოდენობას უმასპინძლა. ყოველწლიურად გაფართოვების მიზნით,  მინიმუმ თითო ოთახს ამატებდა და დღეს, დავით ნიკოლოზიანის საოჯახო სასტუმრო ECOHOUSE SVANETI 10 ოთახს ითვლის.

ამ მიზანდასახულ გზაზე, სამწუხაროდ პანდემიამ დიდი წინაღობები შექმნა. რთული ვითარებისას, დროული და მნიშვნელოვანი იყო დახმარება, რომელიც ნიკოლოზიანების ოჯახმა ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით მიიღო.

„2020 -ში სრულად გაჩერდა ჩვენი ბიზნესი, სტუმარი საერთოდ არ გვყოლია და ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დონორების, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერა. მე მქონდა პროექტი, რომელიც შეეხებოდა როგორც სასტუმროს დამატებითი ნომრებით აღჭურვას და მის ინვენტარს, ასევე ეს იყო სამთო ბილიკების მოსაწყობად და შესანარჩუნებლად საჭირო ტექნიკა“ - იხსენებს დავით ნიკოლოზიანი.

ECOHOUSE SVANETI-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ტურისტები სოფლის ავთენტურ გარემოსსრულად გრძნობენ. საუზმეზე სტუმრები მასპინძლის ბოსტანში მოყვანილ პროდუქციას და სასტუმროს ეზოში მდებარე ფუტკრის სკებში მომზადებულ თაფლს აგემოვნებენ. სტუმრებში კი ევროპელი ტურისტები ჭარბობენ. სასტუმროს მეპატრონის თქმით, ეს სწორედ ის ტურისტები არიან, რომლებმაც კარგად იციან სოფლის ავთენტური ეკო-გარემოს გემოც და ფასიც. აქ ფაქტიურად გასტრონომიული, სათავგადასავლო და ეკო ტურიზმის პროდუქტები გაერთიანებულია ერთ სივრცეში.

“აღმოვაჩინეთ ჩვენი ნიშა, ე.წ. ეკო მიმართულებით, ვინაიდან თითქმის ყველა პროდუქტს ჩვენ თვითონ ვაწარმოებდით, მათ შორის ხორცის და რძის ნაწარმს, ანუ თითქმის ყველა საჭირო პროდუქტს, რომლებიც საჭიროა ტურისტების კვებისთვის, ასევე ადგილზე გვყავს ფუტკარი, მოგვყავს ბიო ორგანული კარტოფილი. გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი შეგვეთავაზებინა ტურისტებისთვის და სახელიც სწორედ აქედან დაიბადა ECOHOUSE SVANETI - გვიყვება დავით ნიკოლოზიანი.

„ბოსტნიდან პირდაპირ მაგიდაზე“ - ესაა საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და შეიძლება ითქვას, რომ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის საუკეთესო თანხვედრაა.

განსაკუთრებული შეთავაზებით, რითიც ნიკოლოზიანები ამაყობენ და მათ გარშემო ტერიტორიის მასშტაბით ჯერ-ჯერობით უკონკურენტოა, არის განსხვავებულად მოწყობილი შემინული ოთახი. რომელიც მათთან მისულ ტურისტებს ღია ცის ქვეშ ღამის გატარების იმიტაციას უქმნის. ამ განსაკუთრებული პროდუქტის შექმნისთვის, ევროკავშირს, შვედეთს და ავსტრიას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის.

„ამ ოთახის მოწყობა დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ, იმ დროს ფინანსები  არ მიწყობდა ხელს. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დახმარებით, პროექტ “GRETA”-ს მეშვეობით შევძელით მოგვეწყო ოთახი, რომელსაც აქვს შუშის ჭერი, შუშის კედლები და ბუნებასთან ახლოს ყოფნის შეგრძნებებს ტოვებს. - ამბობს დავით ნიკოლოზიანი.

სვანური სამზარეულოს ნატურალური გემოები და ინოვაციური სასტუმრო ოთახიდან სვანეთის დღის და ღამის თვალწარმტაცი ცის ყურება, ეს ის განსაკუთრებული ემოციებია, რომელიც არასდროს ავიწყდება ნებისმიერ სტუმარს და მას უჩნდება სურვილი, რომ გარშემო მყოფებსაც გაუზიაროს სვანეთში მიღებული ჯადოსნური შთაბეჭდილებები.