სანერგე მეურნეობა ათწელზე მეტი ხნის ისტორიით - კაკაშვილების ბიზნესად გცეული ოჯახური ტრადიციაა. ვანო კაკაშვილი ფერმერია, რომელმაც წინაპრების დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელა და სანერგე მეურნეობას წლებია მართავს.

მეურნეობაში  ვაშლის მსხლის, ქლიავის,  ალუჩის, ნუშისა და ბლის ნერგებს ამრავლებენ. ნერგების 60% ნუშია, დანარჩენი 40% კი დანარჩენ კულტურებზე მოდის.

როგორც ვანო კაკაშვილი „ბიზნესი რუსთავი 2-თან“ საუბრისას აცხადებს, მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა ყოველწლიურად იცვლება.

„ჩვენც ისე ვავითარებთ  წარმოებას, რომ ნერგების რეალიზაცია არ გაგვიჭირდეს და ბაზრის მოთხოვნას ვუპასუხოთ. ვამრავლებთ როგორც ადგილობრივ, ქართულ ჯიშებს, ისე შემოტანილ ჯიშებს, რომლებიც ჩვენს კლიმატურ პირობებს ერგება.“-აღნიშნავს ვანო კაკაშვილი.

მისივე თქმით, ნერგის საშუალო ფასი 7 ლარია. ღირებულება დამოკიდებულია რაოდენობაზე და კულტურაზე.

„როგორც იცით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სანერგეების სერტიფიცირების პროექტს. ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია პროცესი, თუმცა 2024 წლისთვის სავალდებულო ხდება. ჩვენ ჩართული ვართ ყველა იმ ღონისძიებაში, სემინარში, რომელიც  ისახავს მიზნად რომ ვაწარმოოთ ხარისხიანი სარგავი მასალა. ბოლო წლების განმავლობაში გავითვალისწინეთ არაერთი დარგის სპეციალისტის რეკომენდაციები და გავაკეთეთ ყველაფერი, იმისთვის რომ ჩვენს სანერგეს ეწარმოებინა სერტიფიცირებული სარგავი  მასალა.

ხშირად გვესმის, რომ მომხმარებელმა სადღაც შეიძინა ნერგი და  ალუჩის მაგივრად ტყემალი გამოადგა. ასეთი რამისგან რომ ვიყოთ დაზღვეული, ყველაფერს ვუკეთებთ ეტიკეტირებას და როცა მყნობა მიმდინარეობს, პროცესს ელექტრონულად აღვრიცხავთ. რადგან ეტიკეტი შეიძლება დაზიანდეს ქარისგან ან წვიმისგან. შესაბამისად, რომ არ მოხდეს ჯიშების არევა ვიზღვევთ თავს."-აღნიშნავს ფერმერი.

მისივე განმარტებით, ნერგის დარგვის საუკეთესო დრო  ადრიანი  გაზაფხული ან გვიანი შემოდგომაა.

„ აუცილებელია, ფოთლები გასცვივდეს ნერგს და შემდეგ მოხდეს გადარგვა, რაც ნოემბრის შუა რიცხვებიდან ადრე გაზაფხულამდე ხდება.იმისათვის რომ ნერგმა მოსავალი მოგვცეს, საჭიროა,  სწორად შევარჩიოთ და დავრგოთ. მრავალწლიანი გამოცდილებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ გამოწვევები არ მთავრდება, მაგრამ ჩვენ ვართ იმ შემართებით რომ ყველა გამოწვევა  დავძლიოთ.“-აღნიშნავს ვანო კაკაშვილი.