სანერგე მეურნეობაში მიმართვიანობა გაზაფხულის დადგომის პარალელურად გააქტიურდა. როგორც "ბიზნესპარტნიორის" გამოკითხული მეურნეობებში აცხადებენ, ნერგებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე ორმაგდება. რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ნერგებს, ჩამონათვალი დიდია, თუმცა, TOP სამეულში ჯუჯა ბალი, ჯუჯა ქლიავი და კაკალია, საკმაოდ მოთხოვნადია ატმის ნერგიც.
სანერგე მეურნეობა “პლანტარეას” გენერალური დირექტორი გუჯა ჭონიშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, რომ ამჟამად ყველაზე დიდი მოთხოვნა ატმის ნერგზეა. მისივე ინფორმაციით, 1 ატმის ნერგის ღირებულება 6-7 ლარს შეადგენს.
“ძირითადად, ხეხილის ნერგები გამოგვყავს, თუმცა მცირე რაოდენობით დეკორატიული ნერგებიც გვაქვს. ატმის გარდა მაღალი მოთხოვნაა ქლიავისა და ტყემლის ნერგებზე. მათი ღირებულება 6-7 ლარია”, - აცხადებს გუჯა ჭონიშვილი.
გარდა ამისა, “ბიზნესპარტნიორი” სხვა სანერგე მეურნეობასაც ესაუბრა, სადაც ყველაზე მოთხოვნადი ჯუჯა ბლის ნერგია. კერძოდ, “ტყვიავის სანერგე მეურნეობის” დამფუძნებლის ხათუნა კურტანიძის ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადია ჯუჯა ბლის, ქლიავისა და კაკლის ნერგები, რომელთა ღირებულება 10-15 ლარს შეადგენს.
მისივე ინფორმაციით, გასულ წელს ნუშისა და ლურჯი მოცვის ნერგებზე იყო მოთხოვნა, რომელიც წელს შემცირებულია. რაც შეეხება აღნიშნული ნერგების ფასებს - ლურჯი მოცვი 15 ლარი ღირს, ხოლო ნუში 3-4 ლარი.
bp.ge