საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ნიადაგების მნიშვნელოვანი ნაწილი დეგრადირებულია, ძირითადად, ეროზიის გამო. ამის შესახებ საუბარია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში, „საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია 2023.“

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ძალიან დაბალია ნიადაგის პროდუქტიულობა, რაც აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სურსათის უვნებლობისთვის, ასევე, ღარიბი მოსახლეობის საარსებოდ. მაგალითად, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მარცვლეულის, ხორბლისა და სიმინდის მოსავლიანობა ჰექტარზე 2.5 ტონაა, რაც ბევრად ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელს. ევროპაში ამ კულტურების მოსავლიანობა ხორბლის შემთხვევაში ჰექტარზე 5.66 ტონა, ხოლო სიმინდის შემთხვევაში ჰექტარზე 8.8 ტონაა.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სასურსათო უსაფრთხოება აუცილებელი საარსებო პირობაა საზოგადოებისთვის. მისი უზრუნველყოფის საფუძველია სასურსათო დამოუკიდებლობა. საქართველოში დაბალია მოსახლეობის ადგილობრივი სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფის დონე.