მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს.
დადგენილების თანახმად, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30 000 ლარს და
არაუმეტეს 100 000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს, ხოლო პოტენციური ბენეფიციარი ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომლის ასაკი სააგენტოში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის შეადგენს 18-იდან 35 წლის ჩათვლით მამაკაცების შემთხვევაში, ხოლო 18-იდან 40 წლის ჩათვლით ქალების შემთხვევაში, ასევე სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის – არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 60%-ს.
უძრავი ქონება, სადაც პროექტი განხორციელდება უნდა იყოს ბენეფიციარის საკუთრებაში, ან სახელმწიფოსგან იჯარით აღებული.
განაცხადით წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს.
დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სასტუმროს, მათ შორის საოჯახო ტიპის, დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმუმ 5 ნომერი და არანაკლებ 2 სველი წერტილი.
სოფლის მეურნეობის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო ასევე, არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობები, რაც ითვალისწინებს მხოლოდ ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარების/აღჭურვილობის შესყიდვა/ინსტალაცია და შენობა-ნაგებობების მშენებლობა/რემონტი) შესყიდვას/შექმნას და წარმოებისთვის საჭირო სპეციალიზებული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების დაფინანსებას.
არის შეზღუდვების სიაც, მაგალითად რა საქმიანობები არ დაფინანსდება. მათ შორისაა: სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პირველადი წარმოება, სატრანსპორტო მომსახურება, ბაკურიანში, სტეფანწმინდაში, გუდაურსა და მესტიაში სასტუმროების და კვების ობიექტების მოწყობა, სავაჭრო ობიექტი, ექსტრემალური სპორტი და მასთან დაკავშირებული მომსახურება.
პროგრამა განხორციელდება მხოლოდ იმ სოფლებში, რომელსაც მაღალმთიანის სტატუსი აქვს.
"პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.
პროგრამის ამოცანაა მაღალმთიან დასახლებებში, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია", - აცხადებენ სააგენტოში.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით განისაზღვრა.