გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, კახეთში ჩაატარა კალიების წინააღმდეგ ბიოპესტიციდების გამოყენების საცდელი კვლევები. ღონისძიების ფარგლებში გამოცადეს ბიოლოგიური პესტიციდების ეფექტურობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით. ღონისძიებებს, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, 30-მდე მონაწილე ესწრებოდა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და იტალიიდან.
ოთხდღიანი სადემონსტრაციო ღონისძიება ნაწილი იყო FAO-ს პროგრამისა „კალიების მართვის გაუმჯობესება ეროვნულ და რეგიონულ დონეზე კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში“, რომელიც USAID-ის ფინანსური დახმარებით შედგა. პროგრამის მიზანია, რეგიონში კალიების შემცირება ისე, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს მოსავალს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სურსათის უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყოს ხელი. პროექტი ასევე ფოკუსირდება ამ მიმართულებით რეგიონულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, პესტიციდების გამოყენების რისკის შემცირების მიმართულებით რეგიონის ქვეყნებში.