ნუშის ფერმერი გიორგი ჯავრიშვილი ნუშის გადასამუშავებელი საწარმოების რაოდენობის ზრდის აუცილებლობას ხედავს.
როგორც ფერმერი "აგროპარტნიორთან" აცხადებს, მისი ბაღი კასპის მუნიციპალიტეტში 32 ჰექტარზეა გაშენებული. 5 000 ძირი ესპანური ჯიში "გუარა" საქართველოში შეიძინა, 11 000 კი, ესპანეთიდან ჩამოიტანა. მოსავლიანობა ნელ-ნელა იზრდება. წელს კი, დაახლოებით 10-12 ტონა მოსავლის მოლოდინი აქვს.
"ჩვენი ნუში ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, მოთხოვნაა როგორც ნუშის გულზე, ისე გაუტეხავზე. ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარს ვაკმაყოფილებთ, მაგრამ როდესაც ჩვენი მოსავალი გაიზრდება, მოსაძებნია ექსპორტზე გატანის საშუალებები.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნუშის გადამუშავებას და გადასამუშავებელი ცენტრების შექმნას საქართველოში, ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღოს", - აღნიშნა გიორგი ჯავრიშვილმა.