„ტირიფონის ბაღებში“ გასულ წელს 1000 ტონა ვაშლი აიღეს. წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა გაუმჯობესებული რიცხვების მიუხედავად, მეურნეობის დამფუძნებელი ამბობს, რომ შედეგით კმაყოფილი არ არის და კომპანიის სამომავლო მიზნად იმპორტის ჩანაცვლება აქვს დასახული. განვითარების გეგმებსა და წარმოების მასშტაბებზე „აგროპარტნიორი“ „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელს, ზურაბ გოჯიაშვილს ესაუბრა.
„აგრარულ მეურნეობაში ჩვენი საქმიანობა ვაშლით არ დაწყებულა. 2007 წელს პარტნიორებთან ერთად აუქციონზე შევიძინეთ დაახლოებით 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სოფელ კვარხითში. ძველი ნარგავები ამოვძირკვეთ და დავთესეთ საშემოდგომო ხორბალი. 2008 წლის ზაფხულში ჩვენ მიერ მოწეული პირველი მოსავალი რუსებმა ტანკებით აიღეს. მაშინ ინტენსიური მებაღეობის შესახებ მხოლოდ გაგონილი გვქონდა. მალევე, "აგრო-კომის" კონსულტანტებმა შემოგვთავაზეს ჩვენს ნაკვეთზე სუპერინტენსიური ვაშლის ნარგავების გაშენებაზე გვეფიქრა. იმ დროს ჩემთვის და ჩემი პარტნიორებისთვის წარმოუდგენელიც კი იყო ამ საქმეში ჩართვა. პირველ რიგში იმიტომ, რომ არცერთს სამსახურისთვის თავის დანებება არ შეგვეძლო, მეორე - მაშინ სავალუტო სესხი 15-16% იყო და მესამე - გვქონდა იმის განცდა, რომ ამხელა დაბანდება, თანაც სარისკო, სახელმწიფოს მიერ დაცული ვერ იქნებოდა. ამიტომ თავი შევიკავეთ.
როდის გადადგით პირველი ნაბიჯები სუპერინტენსიური მებაღეობის მიმართულებით?
2013 წლის ბოლოს მრავალწლიანი კულტურების გაშენების ხელშეწყობისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამები გამოცხადდა. რასაც მოყვა ის, რომ ჩვენ ავიღეთ სესხი და დავიწყეთ მებაღეობის განვითარება. პირველი ბაღი გავაშენეთ 6 ჰექტარზე. როდესაც ამ ბაღს ვაშენებდით სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მხოლოდ გაგონილი გვქონდა. 2015 წელს მოვიდა 12 კმ-იანი ფრონტის მქონე სეტყვა, რომელმაც წალეკა ყველაფერი. ჩვენ უკვე დარგული გვქონდა ბაღში ვაშლის ხეები. სეტყვამ ნარგავები ისე დაგვიზიანა, რომ ახლაც ეტყობა ნახეთქების შედეგად გაჩენილი ნაწიბურები. ამან დაგვარწმუნა იმაში რომ აღარასოდეს გაგვეკეთებინა რამე, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების გარეშე. პირველი ასეთი საყრდენი სისტემა 2016 წლის შემოდგომაზე დავამონტაჟეთ.
რამდენად დიდ ინვესტირებას საჭიროებს ბაღების დაცვა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით და გამოცდილებამ რა აჩვენა, ღირს ამ ხარჯის გაწევა?
რომ წარმოიდგინოთ, 10 ჰექტარი ბაღის გასაშენებლად საჭირო ნერგებში იტალიაში 115 ათასი ევრო, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში კი 132 ათასი ევრო გადავიხადეთ. ნერგების ტრანსპორტირება სამი კონტეინერით შევძელით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ჩამოტანისთვის 10 კონტეინერი დაგვჭირდა. ძალიან მარტივად რომ გითხრათ ღირს თუ არა ხარჯის გაწევა, ამ ყველაფრის გამოსყიდვის ფაქტი დგება ზუსტად 15 წუთში, როდესაც სეტყვა მოდის.
როგორია მიმდინარე წლის ვაშლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლები?
ბაღებში ნაყოფის ბუნებრივი დაცვენა, ე.წ. ხრილობა როცა დასრულდება მერე უნდა დაიწყო მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლის დათვლა. ერთი შეხედვით რომ ვთქვათ, შარშანდელზე უკეთესი მოსავალი გვექნება. შარშან ჰექტარზე 31 ტონა ვაშლი მოგვივიდა, რაც უკიდურესად ცოტაა.
რით არის გამოწვეული მცირე მოსავლიანობა?
ეს გამოწვეულია ე. წ მეწლეურობით, რისკენაც მიდრეკილია ვაშლი. ერთ წელს ისხამს, მეორე წელს ნაკლებად. ამ პრობლემას ჩვენ ჯერ კიდევ არქაული მეთოდებით ვებრძვით. რაშიც გასხვლა და ზედმეტი ნაყოფის მოცლა იგულისხმება. ერთ წელს თუ ისხამს 60%-ს მეორე წელს 40%-ს და ჯამში საშუალო მაჩვენებლით ვერასდროს ავცდით თეორიული მსხმოიარობის 50%-ს.
რა მეთოდებით სჯობს ე.წ მეწლეურობასთან ბრძოლა და რამდენად ხელმისაწვდომია ეს საშუალებები საქართველოში?
იმისთვის რომ მეწლეურობის პრობლემა არ გვქონდეს, საჭიროა მოვლის თანამედროვე საშუალებები. ჰორმონული პრეპარატები, რომელიც ეხმარება მცენარეს რომ ზედმეტი ნაყოფი მოიცილოს და საგაისოდ საყვავილე კვირტები ჩასახოს. ამ ტიპის პროდუქცია საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის, არ შემოაქვთ იმპორტიორებს. როდესაც ვუყურებ გერმანელი, ბელგიელი, ჰოლანდიელი, უკრაინელი, ამერიკელი მოლდოველი, თურქი მევაშლეების შედეგებს, ვერ ვიტყვი რომ მშურს, თუმცა ნამდვილად შევნატრი. მათ ამ შედეგებზე გასვლა სწორედ თანამედროვე პრეპარატების და მეთოდების გამოყენებით შეძლეს.
როგორია "ტირიფონის ბაღების" ჯამური ინვესტიცია და რა ჯიშის ვაშლის ბაღები გაქვთ ამ დროისთვის?
ჯამური ინვესტიცია 13 მლნ ლარამდეა. აქედან ნაწილი შეღავათიანი სესხი, ნაწილი გრანტები და ნაწილი საკუთარი ინვესტიციაა. რაც შეეხება ჯიშებს, გვაქვს: Gala, Red Delicious, Golden Delicious, Pinova, Red Jonaprince, Fuji. ბაღები დღესდღეობით 31 ჰექტარზეა გაშენებული. მათი ძირითადი ნაწილი ვაშლია, 2.6 ჰექტარი კი მსხლის ბაღებს უჭირავს.
ბაზრის რა წილი უჭირავს დღეს „ტირიფონის ბაღებს“ და როგორია კომპანიის განვითარების გეგმები?
ვაშლის წარმოებაში ამ ეტაპზე ძალიან პატარა წილი გვიჭირავს. შარშან სულ 1000 ტონა იყო ჩვენი წარმოება. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში 120 ათასი ტონა ვაშლი მოვიდა. რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ მებაღეობის პროცესი წამოვიწყეთ არამხოლოდ იმ მიზნით, რომ წარმადობა გაგვეზარდა, არამედ პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩაგვენაცვლებინა იმპორტი. საქართველო ვაშლის ნეტო იმპორტიორია. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ვაშლი შემოგვაქვს ვიდრე გაგვაქვს. ამის გამო ჩვენს პროდუქციას ძირითადად მხოლოდ ქართულ ბაზარზე ვყიდით. ერთადერთხელ გავიტანეთ 20 ტონიანი, ერთი კონტეინერი დუბაიში. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ სამომავლოდ ექსპორტის პროცედურებთან, საჭირო მასალებთან, ტრანსპორტირებასთან და გასაღების ბაზრების მოთხოვნებთან დაკავშირებით პრაქტიკული გამოცდილება მიგვეღო. როდესაც ადგილობრივი წარმოება იმდენად გაიზრდება, რომ ექსპორტი იქნება გარდაუვალი და აუცილებელი, ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროდუქციისათვის სამომავლოდ სარეალიზაციო საუკეთესო ბაზარი არის არაბეთის ნახევარკუნძული და ინდოეთის ოკეანის ქვეყნები. ვფიქრობ, ამ ბაზრებამდე ჩვენი პროდუქციის მიტანას კარგად და სარფიანად მოვახერხებთ. ამის იმედს გვაძლევს ის, რომ ამას უკრაინა და მოლდოვა წარმატებით ახერხებს. ომის მიუხედავად, უკრაინიდან 2022 წლის დეკემბერში, ვაშლით დატვირთული 100 კონტეინერი გაიგზავნა დუბაიში.
რაში ხედავთ სოფლის მეურნეობის მთავარ გამოწვევებს და რა მიმართულებით სჭირდება სექტორს მხარდაჭერა?
მთავარი პრობლემაა კადრების დეფიციტი. ამის დასტურად ერთ ამბავს მოგიყვებით, 2017 წელს იტალიური ტრაქტორი შევიძინეთ. საკმაოდ ძვირი დაჯდა. სანამ საგარანტიო პერიოდი დაუმთავრდებოდა, ერთსა და იმავე დეტალს სამჯერ გამოვუყვანეთ წირვა, სწორედ სათანადოდ მომზადებული სპეციალისტის არყოლის და ცოდნის დეფიციტის გამო. გვიჭირს აგრონომები, მექანიზატორები, თუმცა მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებებით ახალგაზრდების ინტერესი შედარებით იზრდება. იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა ამ პრობლემას დავძლევთ. სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სექტორში ბევრი მხარდამჭერი მიმართულება გაჩნდა. რასაც ვისურვებდით, იმისთვის რომ ჩვენი ადგილობრივი კადრი რაც შეიძლება მალე დაეწიოს საერთაშორისო სტანდარტს, გვინდა, რომ შემოვიყვანოთ უცხოელი სპეციალისტები, რომ მათი ცოდნა გავიზიაროთ და რაც შეიძლება მალე დავდგეთ ფეხზე.