გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისის ისტორიულ უბანში, გუდიაშვილის მოედანზე, ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გამართულ ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციას დაესწრო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების, მარნებისა და ღვინის ბარების პროდუქცია, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინის მრავალფეროვნებასა და მეღვინეობის ტრადიციებს.
მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს ღვინის ეროვნული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართული ღვინო ქვეყნის კულტურის, იდენტობისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განუყოფელი ნაწილია.
„ქართული მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია ჩვენი კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ მას ერთი განსაკუთრებული დღე მიეძღვნას. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ღვინის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოსთვის. ეს არის შესაძლებლობა მეღვინეებისთვის, ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი პროდუქცია, ხოლო ღვინოსთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიმართოს მსჯელობა, დისკუსიები და გამოცდილების გაზიარება. ღვინო ჩვენი ცხოვრების წესის, კულტურისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში ღვინო ქართველი ხალხის თანამგზავრი იყო და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ეროვნული დღე ასეთ მასშტაბურ და გამორჩეულ ფორმატში აღინიშნებოდეს”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ღვინის გამოფენა-დეგუსტაციის პარალელურად, გუდიაშვილის მოედანზე სტუმრებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობაც იმართება. განახლებული ისტორიული სივრცე ქართული ღვინის 8000-წლიან კულტურას თანამედროვე ინტერპრეტაციით აცოცხლებს და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში გაეცნონ როგორც მეღვინეობის ისტორიულ ტრადიციებს, ისე თანამედროვე ღვინის კულტურას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის მიზნით, საქართველოში 8 მაისი, როგორც ღვინის ეროვნული დღე, პირველად აღინიშნება. ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების ფართო პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.
ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში ასევე იმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც საქართველოს ღვინის ინდუსტრიისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ უცხოელი პროფესიონალებიც. დღის დასკვნითი ნაწილი კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება და მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენით დასრულდება.






