საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ფარგლებში, კენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, მუთაი კაგვეს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიაში და აფრიკის კავშირში მუდმივი წარმომადგენელი გია მაჭარაძე ესწრებოდნენ.

„ბატონო მინისტრო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო შეხვედრისთვის. დიდია ინტერესიც და მზადყოფნაც პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განმტკიცების კუთხით. საინტერესოა, კენიიდან საქართველოში პროდუქციის შეტანის, მისი გადამუშავებისა და შემდგომ რეექსპორტის შესაძლებლობების განხილვა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას და რაც ქვეყანას კენიისთვის საიმედო პარტნიორად აქცევს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროებში, მათ შორის: ცოდნის გაცვლა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, ერთობლივი კვლევისა და ინოვაციების განვითარება, აგროწარმოებაში ღირებულების ჯაჭვის და ფერმერული მეურნეობების გაძლიერება. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობები - საქართველოდან კენიაში ღვინის, თხილის, ვაშლის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის მიმართულებით, ხოლო კენიიდან საქართველოში ჩაის, ყავის, ტროპიკული ხილის მიმართულება.

კენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მუთაი კაგვეს განცხადებით,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი  არის შესაძლებლობა, ჩამოყალიბდეს თანამშრომლობა საქართველოსა და კენიის აგრარულ სექტორებს შორის და განისაზღვროს შესაბამისი მიმართულებები.

„ამიტომ ძალიან ბედნიერები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მინისტრის ვიზიტის შემდეგ  გააქტიურდება ქართველი ტურისტების მოძრაობაც, რაც ხელს შეუწყობს არსებული ურთიერთობების გაფართოებას“, - განაცხადა კენიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, მათ შორის მეცხოველეობის და ვაჭრობის სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ინიციატივების რეალიზაციას და პარტნიორობის გაძლიერებას.