გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად, თელავში იმყოფებოდა, სადაც „მეღვინეობა ვინე პონტოს“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა.
„მეღვინეობა ვინე პონტო“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. ღვინის საწარმოში დაახლოებით 1 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის 600,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში, სადაც წლიურად 150,000 ბოთლი ღვინო იწარმოება, მუდმივად 6, სეზონურად კი, 12 ადამიანია დასაქმებული. „მეღვინეობა ვინე პონტო“ ვენახს 3,0 ჰექტარზე ფლობს.
პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე აშშ-ში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში და ჩეხეთში.
„მეღვინეობა ვინე პონტოს“ ღვინოები ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) 2024 და 2025 წლების გამარჯვებულია. მიღებული აქვს
ოქროსა და ვერცხლის მედლები (IWSC 2024 - ვერცხლი - ქისი 2018; IWSC 2025 - ოქრო - მუკუზანი 2021).
დავით სონღულაშვილმა ქართული ღვინის ხარისხის და, შესაბამისად, საერთაშორისო ავტორიტეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ღვინის საერთაშორისო კონკურსში International Wine & Spirit Competition (IWSC) „მეღვინეობა ვინე პონტოს“ წარმატება მათი ღვინოების გამორჩეულობაზე მეტყველებს. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა არის საუკეთესო შესაძლებლობა სავაჭრო პარტნიორების მოზიდვის, საექსპორტო ბაზრების გაფართოების და, შედეგად, ღვინის გაყიდვების ზრდისთვის.
კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) 50 წელზე მეტი ტარდება და მსოფლიოში საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასება-აღიარების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია.