სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას საფრანგეთის მევენახეობა-მეღვინეობის აგროეკოლოგიის, ფიზიოლოგიის, მიკრობიოლოგიის მიმართულების მეცნიერთა წარმომადგენლობითი  დელეგაცია ეწვია.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ დელეგაციის წევრებს ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე  მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო; განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ადგილობრივი ვაზის ჯიშების  ნარგაობებმა, სადაც  1000-მდე გენოტიპია წარმოდგენილი. ლევან უჯმაჯურიძემ ყურადღება გაამახვილა მრავალწლიანი მუშაობით მოძიებული და ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობებში დაცული  ვაზის, ასევე ხეხილოვანი და აგროსატყეო  კულტურების უნიკალურ გენეტიკურ რესურსებზე და მათ მნიშვნელობაზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში.

უცხოელი სტუმრების დელეგაცია, რომელიც სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტის (INRAE,  მონპელიე)  და პარტნიორი  კვლევითი ორგანიზაციების (ბორდო, ჟირონდა) წარმომადგენლებისგან შედგებოდა, ქართველი მეცნიერების საქმიანობის იმ მიმართულებებს გაეცნენ, რომელიც ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული ნიშნებით იდენტიფიცირებას, კლონურ სელექციას, სანამყენეთა და საძირეთა საბაზისო  მასალების წარმოებას, სერტიფიცირებას,  კლიმატური ცვლილებებთან ადაპტირებული ჯიშების მიღებას, მიკროვინიფიკაციას და სხვ. მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტს (INRAE) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ საერთაშორისო პროექტებზე, რომელიც ჯიღაურასა და საფრანგეთის  ვასალის (მონპელიე)  კოლექციებში მიმდინარე კომპლექსურ ამპელოგრაფიულ სამუშაოებს, მათ შორის,  მონაცემთა ბაზების განახლებას და ახალი საცდელი ნაკვეთის გაშენებას ეხება.

შეხვედრის დასასრულს, საფრანგეთის დელეგაციის წევრებმა ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცული ვაზის ადგილობრივი ჯიშების ყურძნისაგან დამზადებული ღვინის ნიმუშები დააგემოვნეს. დეგუსტაცია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის თანამშრომელთა ორგანიზებით ჩატარდა.