გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე ქ. ჟენევაში გლობალური ატმოსფეროს დაკვირვების (GAW) სიმპოზიუმს დაესწრო, რომელიც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში 70 ქვეყნის 300-მდე საერთაშორისო ექსპერტი მონაწილეობდა.

სიმპოზიუმის ფარგლებში განხილული იყო ატმოსფეროს დაკვირვების თანამედროვე მიდგომები, აგრეთვე მოდელირებისა და პროგნოზირების მიმართულებით არსებული უახლესი ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოზონის შრის დაცვის საკითხებს, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებებს, ქვიშისა და მტვრის ქარიშხლების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებასა და მონიტორინგის გაძლიერებას.

ღონისძიების მონაწილეებმა, ასევე მიიღეს მონაწილეობა თემატურ დისკუსიებსა და ფოკუს ჯგუფებში, სადაც გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებს შორის.

სიმპოზიუმის ფარგლებში დაიგეგმა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გლობალური ატმოსფეროს დაკვირვების (GAW) პროგრამის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს ატმოსფერული პროცესების უკეთ შესწავლასა და გარემოს დაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.