თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობით პარალელური ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის, კატასტროფების რისკის შემცირებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს მიეძღვნა.

ღონისძიებაში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე, სააგენტოს წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იოსებ ქინქლაძემ საქართველოში ბუნებრივი საფრთხეებისა და მათთან დაკავშირებული რისკების შეფასების, საფრთხეების ზონირების, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და პროგნოზირების სისტემების მოდერნიზაციის, ადრეული გაფრთხილების მექანიზმების განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

პრეზენტაციაზე, ასევე წარმოდგენილი იყო სააგენტოს მიერ დანერგი მობილური აპლიკაციის METEO.GOV.GE შესაძლებლობები და მისი მნიშვნელობა მოსახლეობის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ინფორმაციისა და ადრეული გაფრთხილებების მიწოდების მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით განხორციელებული მრავალობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის განვითარების პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, მათ შორის, დაკვირვების ქსელის გაფართოებას, თანამედროვე საპროგნოზო ტექნოლოგიების დანერგვასა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც ირაკლი მეგრელიძესთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას ვები, მსოფლიო მეტეოროლოგიის ორგანიზაციის (WMO) წარმომადგენელი დანიელ კული და ფინეთის მეტეოროლოგიის ინსტიტუტის (FMI) საერათაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ჰარი პიეტარილა მონაწილეობდნენ.

პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ადრეული გაფრთხილების სისტემების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფის, თანამედროვე ტექნოლოგიების ოპერატიულ საქმიანობაში ინტეგრირების, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემებისა და საპროგნოზო ინფორმაციის გაცვლას.