ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ კიოლნში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ff.k Public Relations-ის ორგანიზებით ჩატარდა. ქართული ღვინო გერმანელმა სომელიემ და ღვინის სფეროში ცნობილმა ინფლუენსერმა ტონი ასკიტისმა წარადგინა. ღონისძიებას ღვინის კომერციული სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, ჯამში 120-მდე სტუმარი.
მასტერკლასის ფარგლებში, ტონი ასკიტისმა სტუმრებს ქართული ღვინის მრავალფეროვნება და მისი გამორჩეული მახასიათებლები გააცნო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ექვსი დასახელების ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ და ქართული ღვინის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ღვინის პროფესიონალისგან მიეღოთ.
ტონი ასკიტისი გერმანიაში ღვინის სფეროს ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელია. საკუთარ პოპულარულ არხზე #Asktoni იგი ღვინის ინდუსტრიის სიახლეებსა და თანამედროვე ტენდენციებს მიმდევრებს რეგულარულად აცნობს.
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანია ff.k Public Relations-თან 2021 წლიდან თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის დეგუსტაციები და საგანმანათლებლო სემინარები იმართება. ამასთან, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებსა და პროფესიულ ღონისძიებებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, ხოლო გერმანელი მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა.
გერმანია ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი მზარდი ბაზარია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 1 მილიონ ლიტრამდე ღვინო გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით მეტია.






