ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენა Fine Wine Hotel Exhibition-ში მონაწილეობდა. გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა, ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა. ღონისძიებას 100-მდე სტუმარი, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 8 კომპანიის ღვინოები.
მიმდინარე კვირაში, ქალაქ ჩენგდუში, ქართული ღვინო ასევე წარმოდგენილი იქნება მასშტაბურ გამოფენა China Food & Drinks Fair-ზე და ქართული ღვინის სემინარზე - Fine WineCR-ი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მონაწილეობას იღებენ მასშტაბურ გამოფენებზე: Fine Wine Hotel Exhibition, The China Food & Drinks Fair, RAW Wine Shanghai, Shanghai International Wine Challenge (SIWC), Interwine China და სხვა.






